ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილესთან და ცესკოს მდივანთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წარმომადგენლებთან 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს; განიხილეს არჩევნებისთვის მზადების პროცესი, საარჩევნო კანონმდებლობა და არსებული საარჩევნო გარემო.
NDI-ს წინასაარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდებიან.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
NDI-ს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი, NDI-ს ვაშინგტონის ოფისის პროგრამების უფროსი მელისა მუსიო, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იანუშ ონიშკევიჩი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი სემ კოპერსმიტი და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი.
შეხვედრა NDI-ს წინასაარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციის წევრებთან
15/06/2016