15 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს მალტის სუვერენული ორდენის დელეგაცია ეწვია. მალტის ორდენის სწრაფი რეაგირების იტალიური კორპუსის ხელმძღვანელი მაურიო კაზინგინი და საგანგებო და სრულუფლებანი ელჩი საქართვლოში მარჩელო ჩელესტინი კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი ღიბრაძეს შეხვდნენ და ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერეს. გიორგი ღიბრაძემ მალტის დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სტრატეგიული დონის შესახებ. საუბარი შეეხო სწრაფი რეაგირების იტალიურ კორპუსთან სამომავლო თანამშრომლობის, ასევე მართვისა და კოორდინაციის კუთხით ორმხრივი გამოცდილების გაზიარების საკითხებს. დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.
მალტის სუვერენული ორდენის სწრაფი რეაგირების იტალიურ კორპუსს სამხედრო კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა დახმარების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ორდენის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ პროექტებს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში, ფოკუსირებას ახდენენ კატასტროფის რისკის შემცირებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებზე.
შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის უფროსი მრჩეველი რუსუდან კახიშვილი, მალტის სუვერენული ორდენის ელჩის მრჩეველი დავით მექვაბიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი გიორგი წიქარიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრა მალტის სუვერენული ორდენის დელეგაციასთან

15/04/2016