შეხვედრა გაეროში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებთან

19/04/2016

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე გაეროში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შეხვდა.

დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური მიმართულებით არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი. მინისტრმა აღნიშნა ბოლო პერიოდში ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების კიდევ უფრო განვითარებას. ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციაზე და იმ პროექტებზე, რაც ქვეყანაში ხორციელდება სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის, როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ყურის რეგიონის ქვეყნებთან მრავალმხრივ ფორმატში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. საბჭოში შემავალი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მიმართ მათი კეთილმეგობრული დამოკიდებულება და მხარდაჭერა, საქართველოს განვითარების, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ელჩებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის.

გაეროში ყურის ქვეყნების საბჭოში ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, ყატარი, საუდის-არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შედიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაეროს ღონისძიებების ფარგლებში 2016 წლის 18-21 აპრილს ნიუ-იორკში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში. ​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0