საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები განხორცილდა, რომლითაც დაზუსტდა არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის გასაცემი კრედიტის თანხა. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებზე არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული სესხის თანხა, თითოეულ საწარმოზე, 500,000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა. მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ხილის გადამმუშავებელი 8 საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია, მეტწილად, ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სამრეწველო ვაშლის დაბინავების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სამრეწველო ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას – 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს – ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან. 26 სექტემბრის მონაცემებით, 3,700 ტონაზე მეტი სამრეწველო ვაშლი უკვე გადამუშავებულია.
„შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები განხორცილდა
27/09/2021