საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ რუსთავის სამრეწველო ზონაში მდებარე ყველა უმსხვილესი საწარმოს სრული ინსპექტირების და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა. გეგმის მიზანია რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, რაც გარემოს გაჯანსაღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთაველებთან, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებთან. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავს ექნებოდა ისეთივე კომპლექსური ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, როგორიც გააჩნია ქალაქ თბილისს, რომლიც 40 პუნქტისგან შედგება, კომპლექსურია, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და 2017 წლიდან ხორციელდება.
2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რაზეც მუშაობდა კომპეტენტური გუნდი, მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტები, საბოლოოდ, ევროპული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სახელმწიფოს მოგვცემს საშუალებას, ეფექტიანად ვმართოთ სამრეწველო საწარმოებიდან ემისიები, გაფრქვევები ჰაერში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გაწერილ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს: სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდა; მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესება; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭება; სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელება მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე; აღსანიშნავია, რომ რუსთავის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები არსებულ 25 მსხვილ საწარმოზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სამრეწველო ობიექტზე გავრცელდება. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საწარმოებს ობიექტებზე თანამედროვე მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემების დაყენება და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგი დაევალებათ. გეგმის ბიუჯეტი 62 მლნ ლარს აღემატება.
„ძირითადი დამაბინძურებელი არის უმცირესი მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და PM2.5, ის რასაც ჩვენ მტვერს ვუწოდებთ და რაც არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგიერთ სამრეწველო უბანში. ასევე, ხშირია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებები ქალაქ რუსთავში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ამას სამრეწველო დაბინძურება ემატება, საცხოვრებელი პირობები მძიმდება. ამიტომ, კომპლექსური იყო სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში. წლის დასაწყისში, თებერვალში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აქტივისტებიც მოძრაობიდან „გავიგუდე“ იყვნენ ჩართული. რუსთავის მოსახლეობასთან, ასევე, ბიზნესსექტორთან და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა გეგმა, რომელიც გულისხმობს, დაახლოებით, 63 მილიონ ინვესტიციას სახელმწიფოს მხრიდან და რომელიც 2021 – 2022 წლებში უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ქალაქში შეიქმნას შესაბამისად ახალი მწვანე ინფრასტრუქტურა. ეს მოიცავს როგორც ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებას, ველობილიკების შექმნას ქალაქში და ბევრ სხვა მიმართულებას, რომელიც კომპლექსურად იქნება გეგმის ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით”-განაცხადა მინისტრმა.
მნიშვნელოვანია, რომ სამრეწველო გაფრქვევების რეგულირებასთან ერთად, გეგმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ქალაქში გამწვანებული არეალების გაზრდა, საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.
„ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ვალდებულება ჩნდება, რომ შესაბამისმა ბიზნესსექტორმა მუდმივად აწარმოოს მონიტორინგი გაფრქვევებზე. ასევე, ჰქონდეთ სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემები, რათა გაფრქვევები შემცირდეს. ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის საშუალება უჩნდება თითოეულ მოქალაქეს, გაიგოს, თუ როგორია ჰაერის მდგომარეობა. ონლაინ რეჟიმში ჩვენც გვექნება სურათი სამრეწველო ობიექტებიდან გაფრქვევების და დაბინძურებების შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უჩნდება ბერკეტი, რომ, მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, შევძლოთ საწარმო პროცესის შეჩერება, რისი უფლებაც აქამდე არ გვქონდა. ასე რომ, კომპლექსურად, როგორც საკანონდებლო ცვლილებების გაუმჯობესებით, ისე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ვფიქრობთ, 2 წლის შემდეგ, რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა გვექნება”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.