შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4 000 რუსთაველი იმუშავებს; არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანაა

28/12/2020

არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს არის საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის” ახალი საწარმოს გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4 000 რუსთაველი იმუშავებს.

„ეს საწარმო შენდებოდა 4 თვის განმავლობაში. ივლისში, როდესაც ჩვენ აქ ვიყავით, მსოფლიოში გლობალური პანდემია პიკში იყო და მაშინ, ჩვენ, ერთად, ინვესტორთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს და „აწარმოე საქართველოს” საშუალებით გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი უნდა დაგვესრულებინა ზუსტად 4 თვეში და პირველ რუსთაველებს აქ მუშაობა უნდა დაეწყოთ 4 თვეში, წლის ბოლომდე, რასაც დღეს ვაკეთებთ. მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც ამ საწარმოში იმუშავებს, მინდა მივულოცო ინვესტორს და „აწარმოე საქართველოს” გუნდს, რომ ეს პროექტი, ასეთ მძიმე პირობებში განხორციელდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ჩვენი მიდგომები, ბიზნესთან, ინვესტორთან, უნდა იყოს აბსოლუტურად ახალი, სხვანაირი, იმისთვის, რომ დღეს, ქვეყნისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი არის უაღრესად დიდი ღირებულების მატარებელი და არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს არის საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა. ამიტომ, მე მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, „აწარმოე საქართველოს” გუნდს იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგა. „ქართლი ტექსტილი” არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც „აჭარა ტექსტილის” ინვესტორები ახორციელებენ საქართველოში. ეს არის უკვე მე-4 საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4 000 რუსთაველი იმუშავებს. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად, მსგავს ინვესტორებს, მსგავსი საწარმოების შექმნას ყველანაირად შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, ჯერ, რაღაც პერიოდი, ჩვენთან ერთად იქნება.

„ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგალითად ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ წამოვიყვანეთ ქვემოთ. მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგების და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და დღეს, დღეში გვყავს დაახლოებით 1 000-1 500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდებოდა. აქ ყველაზე მთავრი არის ის, რომ ყველას უნდა გვესმოდეს ის პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად ძალიან ელემენტარული და მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი, მოქალაქე ატარებს პირბადეს მით უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ, რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ეპიდემიოლოგების ელემენტარულ წესებს, მოთხოვნებს, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი.

ჩვენს ბიზნესსაც, იმასთან ერთად, რომ მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო – უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში, სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი. ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ, ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„ქართლი ტექსტილის” ახალი საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად დაათვალიერა. საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა და 4 ათას ადამიანს დაასაქმებს რუსთავსა და გარდაბანში. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია. კომპანია „ქართლი ტექსტილს” სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.
კომპანია „აჭარა ტექსტილი” წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0