საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა.
გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.
პრეზიდენტმა პირველკურსელებს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულებისაკენ – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
„თქვენ წელს პირველად წახვალთ არჩევნებზე, ეს განსაკუთრებული არჩევნებია, რადგან თქვენი როლიც განსაკუთრებულია.
მე თქვენი ასაკიდან მახსოვს, რომ პოლიტიკური ცხოვრება ერთი ჯგუფის მიერ მეორესთან დაპირისპირება და დევნის გამოცხადება იყო; ასეთი ორპოლუსიანი იყო ქართული პოლიტიკა.
წელს ჩვენ პირველად გვაქვს განსხვავებული არჩევნები. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა დაინგრევა თუ ამ მიმართულებით, ან იმ მიმართულებით წავალთ.
წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც ასეთი დაძაბულობა არაა, როდესაც თქვენ და საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ აირჩიოთ თქვენთვის მოსაწონი პოლიტიკოსი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ, ევროპულ რეჟიმზე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს არ ვუპირისპირდებით.
ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში არის ერთი პრობლემა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი არ აპირებს არჩევნებზე წასვლას, ეს დიდი პრობლემაა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის.
ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდიოდით და ვესაუბრებოდით ასეთ ადამიანებს. იცით რას ამბობენ ისინი? პოლიტიკოსმა გამიცრუა იმედი, ან ვის უნდა მივცე ხმა, როცა განსაკუთრებით არავინ არ მომწონს. მათ საკუთარი არგუმენტი აქვთ, მაგრამ ჩვენ დავდიოდით და ვეუბნებოდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ პირველ რიგში, არჩევნებზე არმისვლით არავინ დაისჯება, მაინც არჩეული იქნება ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეორე, არჩევნებზე არმისვლით, შენ არ ახორციელებ იმ მთავარს, რაც შენ გაგაჩნია – შენს მოქალაქეობრივ ვალს და მესამე, არ არის აუცილებელი გიჟდებოდე ამა თუ იმ პოლიტიკოსზე, აარჩიე, რომელიც შენ უფრო მოგწონს და, თუ ვერ აარჩევ, იცოდე, რომ არჩევნებზე არწასვლით აკეთებ ყველაზე ცუდს, შენ პასუხისმგებლობის პროცესი გამოგაქვს პოლიტიკიდან და ფაქტობრივად, ისეთ ადამიანებს აძლევ უფლებას მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინც შენთან ვალდებული არ არის, როგორც ამომრჩეველთან, რადგან შენი მოქალაქეობრივი ვალი არ შეასრულე.
აქედან გამომდინარე, მე ძალიან აქტიურად მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩვენ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისაკენ, რადგან მე არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი, არცერთი პარტიის რეკლამას არ ვაკეთებ და არცერთ ამომრჩეველს არ მოვუწოდებ ამა თუ იმ პარტიას მისცეს ხმა, ეს არ არის ჩემი არჩევნები და ჩემი პოზიციაც არ არის, რომ მე მომცენ ხმა. მე უბრალოდ მინდა, რომ მოქალაქეები, გააქტიურდნენ ამ მიმართულებით.
ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო. ახალგაზრდები, აქტიურად იყვნენ ჩართული ამ კამპანიაში და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ.
და დღეს მე მინდა იგივე გითხრათ თქვენ და გთხოვოთ თქვენ, ვინც პირველად მიდიხართ არჩევნებზე, რომ თქვენც აქტიურად მოუწოდოთ თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, რომ მოქალაქეობრივ ვალზე უარის თქმა არ შეიძლება. შენ შეიძლება არ მოგწონდეს პოლიტიკოსი, მაგრამ არ შეიძლება არ მოგწონდეს შენი ქვეყანა.
შეიძლება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია არ მოგწონს, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს შენი სამშობლო, რომელიც შენგან მოქალქეობრივ მოვალეობას ითხოვს და შენ უნდა გააკეთო ეს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მთელი საქართველო მართლაც წავიდა არჩევნებზე, თუ მართლაც დადგა რიგები საარჩევნო უბნებთან, ეს ჩვენ მოგვცემს ბევრად უფრო ძლიერ ქვეყანას.
ეს ჩვენ მოგვცემს პარლამენტს, რომელშიც არ იქნება მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა, რომლებთაც ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა გაუხდიათ მთავარ საკითხად.
ეს ჩვენ მოგვცემს პარლამენტს, სადაც იქნება არაერთი პოლიტიკური პარტია, იქნება შეჯიბრება შეხედულებების, იქნება კამათი, დებატები და ამ დებატების შედეგად მიღებული უკეთესი რეალობა და უკეთესი კანონმდებლობა.
ამიტომ მინდოდა დღეს, ამ ამაღელვებელ დღეს, როდესაც თქვენ გახდით სტუდენტები ამ მოლოცვასთან ერთად ეს თხოვნა გამეზიარებინა თქვენთვის და იმედი გამომეთქვა, რომ თითოეული თქვენთაგანი მართლაც მივა საარჩევნო უბნებზე, თქვენთან ერთად მივლენ თქვენი მეგობრები და თქვენ იქნებით დემოკრატიის ის ელჩები, რომლებიც საზოგადოებას პოლიტიკაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ გამარჯვებას და ვიმედოვნებ, რომ 8 ოქტომბერი საქართველოს დემოკრატიის სერიოზული გამარჯვება იქნება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი უძღვებოდა.
პრეზიდენტმა უნივერსიტეტში მოწყობილი ნიადაგის შემსწავლელი ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აღიჭურვა.
პრეზიდენტისგან წერილი, რომლითაც გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს, დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებმაც მიიღეს- “შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, პასუხისმგებლობით მოეკიდები”- აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.