შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ სტაბილურობა, მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე, არც ეკონომიკური განვითარება იქნება, არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება

30/06/2023

დღეს შესაძლებლობა მოგვეცა, გვესაუბრა მიღწევებზე, ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ანგარიშით წარსდგა და დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც ხელისუფლებამ შეძლო და ეს არის ქვეყნის განვითარების საფუძველი.

„დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო მეგობრებო, დეპუტატებო, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი ანგარიშის მოსმენისთვის. მე ვფიქრობ, მიუხედავად ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის მცდელობისა, მათი პროვოკაციებისა, საინტერესო დღე გვქონდა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ხალხს, ჩვენს დეპუტატებს, პარლამენტს ჩავაბაროთ ანგარიში, გვესაუბრა იმ მიღწევებზე, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგები, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის. რჩება ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობის კვლავაც მაღალი დონე, სხვა გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ქვეყნის გამთლიანებას, გაერთიანებას. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ასევე, მოსალოდნელ შედეგზე, რომელზეც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით და ვმუშაობთ. მთლიანობაში, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ, განვამტკიცეთ სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, არც ეკონომიკური განვითარება იქნება, არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და საერთოდ, ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა პოლარიზაციაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მმართველი გუნდის მცდელობისა, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ მოახდინოს პროვოცირება.

„პოლარიზაციის ხარისხზე მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც, დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. მათ არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ერთისა – რომ რაიმენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას ომის პარტია, ნგრევის, ქაოსის და სიკვდილის პარტია. ყველა ის უბედურება, რაც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და რაც მათ მმართველობას უკავშირდება. მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ ხელისუფლება. მე არავის არ ვუპასუხებ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან. ეს მიუღებელია. ეს არის წითელი ხაზი, ეს ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია, მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება”, – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0