“შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, ფრენებთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემყარება კონკრეტულ ანალიზს და თავად ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მიდგომებს.
„თავისთავად ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა, მაგრამ თავად ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ამ ნაწილში ჩვენს სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და ახსნა. ჩვენ, დაახლოებით, 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს. 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად, არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაშინ როდესაც ეპიდემიის თვალსაზრისით, რისკი საკმაოდ მაღალია. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს. შემდეგ, რომც არ დავაწესოთ შეზღუდვები, გავრცელების პირობებში, ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის, ვფიქრობთ, ადეკვატურია. იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება, აქაც შეიძლება, გაცილებით უფრო გახსნილი და ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამას და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ პროცესში უზრუნველყოფილ იქნას რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა, მოქალაქეებისთვის ავიაბილეთების ფასებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.