„გასულ წელს, 11-16 ოქტომბერს, რუანდაში, დედაქალაქ კიგალში, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს მუდმივმოქმედ დელეგაციას საქართველოს პარლამენტი უმრავლესობისა და ოპოზიციის შემადგენლობით ესწრებოდა,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სესიაზე საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეას 125-მდე ქვეყანა და 600-მდე პარლამენტის წევრი ესწრებოდა. მისი განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე და არაღიარების პოლიტიკაზე.
„ასამბლეას 125-მდე ქვეყანა და 600-მდე პარლამენტის წევრი ესწრებოდა – აქედან 40 პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ ასამბლეის ფარგლებში შევხვედროდით 19 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას 4 კონტინენტიდან. დელეგაციის ფარგლებში, 14 პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით. მათ შორის: კორეის, სიერა-ლეონეს, კოტ დივუარის, ავსტრალიის, რუანდას, მალავის, ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის, გაიანას, სერბეთის, ბოცვანას, ნამიბიის, ესვატინის, ჩილეს, ინდოეთის, იორდანიის, ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციებს. ასევე, გვქონდა შეხვედრა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა უკრაინის რადას ვიცე-სპიკერი. შეხვედრებზე საუბარი გვქონდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, არაღიარების პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია ასეთი ასამბლეების გამოყენება იმისათვის, რომ გვქონდეს უშუალო კონტაქტი კოლეგებთან, რომელთანაც შეიძლება გეოგრაფიულად არ გვქონდეს ხშირად მჭიდრო კომუნიკაცია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
შეხვედრის ფარგლებში მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიებზე უკანონო შეჭრას.