პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
როგორც ელჩმა აღნიშნა, იმისდა მიუხედავად, რომ ორ-ნახევარი წელიწადი არ არის დიდი დრო მისი საქმიანობა საქართველოში ინტენსიური იყო, რამაც შედეგად გამოიღო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და ხალხთაშორისი კავშირების გააქტიურება. ელჩის თქმით, იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით ე.წ. შუა დერეფნის პოპულარიზაციის მიმართულებით, ასევე, გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხრიდან. შალვა პაპუაშვილმა იაპონიასთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და იაპონიის მომავალ ელჩთან ღია თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
შალვა პაპუაშვილმა იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
23/05/2023