ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდა მოხალისეები მადლობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. გაწეული საქმიანობისთვის მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა გადასცეს სერტიფიკატები.
„საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას გიხდით ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. იმედი მაქვს, თქვენთვის, როგორც ადამიანებისთვის, რომლებიც ფრანგულ ენასთან ახლოს ხართ, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო,“ – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს.
„იმდენად კარგად შეასრულეთ სამუშაო, რომ როგორც ხედავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მოვიდა პირადად თქვენთან,“ – განაცხადა ფრანსის დრუენმა.
მან აღნიშნა, რომ თავად არაერთხელ ყოფილა მოხალისე მსგავს ღონისძიებებში და ეს ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გამოცდილებაა. ღონისძიების საქმიანობაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ ჩართული. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესია 4 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა.