საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე მაულენ აშიმბაევს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ყურადღება გამახვილდა საექსპორტო პროდუქციის ნომენკლატურის შემდგომი გაფართოების საკითხზე. სენატის თავმჯდომარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ყაზახეთის ინვესტიციებს საქართველოში. მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, ინვესტიციების, რეგიონული განვითარების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებებით. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ მზარდ როლზე და აღნიშნული მარშრუტის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის საჭიროებაზე. მხარეები შეთანხმდნენ სექტორულ საპარლამენტო კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა სენატის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია და სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.
შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
12/04/2024