პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. უკრაინის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარისგან მისალოცი წერილი ოფიციალურად გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას, უნიკალურ მეგობრობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებით საერთო საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს. გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წელს სრულდება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი და რომ მხარეები სათანადოდ აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა შეშფოთება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოზე.
შალვა პაპუაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა
17/01/2022