შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

15/11/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისრის ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ერთგულ პარტნიორად რჩება. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროგრესზე. ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება და კონკრეტული რეკომენდაციების წარდგენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის გრძელვადიანი პარტნიორი მრავალი მიმართულებით, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ევროკომისარმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ის აქტიურად იმუშავებს წევრ ქვეყნებთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0