შალვა პაპუაშვილი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

25/11/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანს ზაქარიას და კოსტას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პორტუგალიასთან მეგობრულმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლუზოფონურ სახელმწიფოებთან საქართველოს კონტაქტების განვითარებაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის. შალვა პაპუაშვილმა თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანს და პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს რუსული აგრესია და საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგის პატივისცემის მნიშვნელობას. ზაქარია და კოსტამ აღნიშნა, რომ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობა მზად არის საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობისა და არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობისთვის. ​საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0