საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუიტფელდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას განვითარების სფეროში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. შალვა პაპუაშვილი მიესალმა თბილისში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ოფიციალურ გახსნას. შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წევრობის პროცესი. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია საქართველოსა და უკრაინის წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა ნატოს ავღანეთის მისიაში და მადლიერება გამოხატა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესებში საქართველოს გამორჩეული წვლილისთვის. მან დაადასტურა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. შეხვედრას უმრავლესობის, საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.
შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
17/10/2022