საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ამ მიმართულებით, ორმხრივ საპარლამენტო დიალოგზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში ნატოს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს. შეხვედრაში მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, კომიტეტის წევრებმა – გიორგი ხელაშვილმა და თეონა აქუბარდიამ, ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღეს.
შალვა პაპუაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა
28/06/2022