პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სამომავლო სტრატეგიის საკითხებში კორეის პრეზიდენტის უფროს მდივანს, ჯანგ სუნგ მინს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეას შორის ინტენსიურ კავშირებს, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას.
თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო და კორეა მხარს უჭერენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-კორეის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოში კორეის სრულუფლებიანი საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენების დანიშვნა, უვიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შემოღება. ასევე, ხაზი გაესვა ნენსკრა ჰესის პროექტის მნიშვნელობას საქართველო-კორეის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში და ხაზი გაუსვეს ახლო მომავალში უკრაინის სასიკეთოდ ომის დასრულების მნიშვნელობას. ჯანგ სუნგ მინმა შალვა პაპუაშვილს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ კორეა მზად არის, გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსთან.
შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა
18/05/2023