საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზამბიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნელი ბუტეტე ქაშუმბა-მუტის შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა კოლეგას ზამბიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ზამბიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაფუძნებიდან 30-ე წლისთავი მიულოცა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ზამბიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამ მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. ასევე, განიხილეს ზამბიის მიერ საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა სახელმწიფო სერვისების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო სისტემის და სხვა მიმართულებებით. შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.
შალვა პაპუაშვილი ზამბიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
26/10/2023