შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

15/11/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა პია კაუმას კიდევ ერთხელ მიულოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატება უსურვა გამოწვევებით სავსე პერიოდში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაძღოლაში. შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას და საქართველოს როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში. პია კაუმამ დადებითად შეაფასა უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიულოცა საქართველოს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის მიღება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ეუთო მეტად რელევანტური ხდება. მან ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ევროპისა და აზიის გასაყარზე და საქართველოს მომავალი მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დააკვირდებიან 2024 წლის არჩევნებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0