შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო

15/06/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციიის გზაზე მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველო ნატოსა და ევროკავშირის უნარიანი, საიმედო პარტნიორია, რომელიც მათი ერთგული მოკავშირეა როგორც რეგიონში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს და დანიას აკავშირებთ საერთო ღირებულებები და ინტერესები მშვიდობის, დემოკრატიისა და კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების მიმართულებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება, დანიის სამეფოს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება.
შეკრებილებს, ასევე, მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ. მიღება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. ​საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0