მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის პარდუბიცეს რეგიონის გუბერნატორთან მარტინ ნეტოლიცკისთან ერთად, ქართულ-ჩეხური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
რეგიონები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და პროფესიული განათლების სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. მცხეთაში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯისა და ლანშკროუნის მიწათმოქმედებისა და ვეტერინარიის კოლეჯის სტუდენტებს შორის, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორმხრივი ვიზიტი განხორციელდა. მცხეთა-მთიანეთის ტურისტული პოტენციალის ზრდის ხელშესაწყობად, პარდუბიცეს რეგიონის წარმომადგენლებმა ქართული მხარისთვის ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა შეიმუშავეს. მიმდინარეობს კომუნიკაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის.
შალვა კერესელიძემ პარდუბიცეს მხარის გუბერნატორს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრიორიტეტები და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა მთიანი დასახლებების გაძლიერების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მიზნობრივ პროგრამებზე.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონის კომპლექსურ განვითარებას. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მცხეთა-მთიანეთის მხარის პარდუბიცეს რეგიონთან ურთიერთთანამშრომლობას“ – აღნიშნა შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის პარდუბიცეს რეგიონის წარმომადგენლები.