შალვა კერესელიძე შატილის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

20/11/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე შატილის მოსახლეობას შეხვდა და მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინა. იმსჯელეს სოფელში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზე. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მხარის რწმუნებულმა რამდენიმე კვირის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგებიც მოინახულა. მოსწავლეები სწავლას დროებით ახალრეაბილიტირებული ამბულატორიის შენობაში აგრძელებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად შატილში ახალი სკოლა აშენდება. ამჟამად პანსიონის მოსწავლეებისთვის სასადილოს მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. შალვა კერესელიძე ასევე გაეცნო მცირე ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი ჰესი ადგილობრივი მოსახლეობის 24-საათიან ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ შატილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – არჭილოში, ანდაქში, არდოტში, ხახაბოში, ხონისჭალაში, მუცოსა და გიორგიწმინდაში – მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, თანამედროვე მზის პანელები გადაეცათ. შატილის თემის სოფლები, სათემო ინტერნეტიზაციის ფარგლებში, ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება. პროექტით გათვალისწინებულია ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია. მიღებული სიკეთით ჯამში 76 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0