მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად, ფრეზეთის, წილკანისა და წეროვანის დევნილთა დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა. ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. დასრულების ეტაპზეა ეზოს კეთილმოწყობა. საბავშვო ბაღი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. დაწესებულებაში სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ. უახლოეს პერიოდში დაიწყება არჩილ ტატუნაშვილის სკვერის მოწყობა წილკანში. დასახლებაში მრავალფუნქციური დარბაზიც შენდება. აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები წეროვანში. რამდენიმე დღის წინ სოფელში სპორტული მოედანი გაიხსნა. ახალგაზრდები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობენ. წეროვანში ასევე დაგეგმილია შიდა გზების მოასფალტება. ამ ეტაპზე, შესასრულებელ სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს.
„ფრეზეთში, წილკანსა და წეროვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოვინახულეთ. სამუშაოების ნაწილი დასრულების ეტაპზეა, ნაწილიც უახლოეს მომავალში დასრულდება. შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივ საჭიროებებს მოერგოს და მოსახლეობას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, რეგიონში მიმდინარე სამუშაოებზე რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს.
#მცხეთამთიანეთი