მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე რეგიონში პროექტების მიმდინარეობას დეტალურად გაეცნო. მხარის რწმუნებული, მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. 2019 წელს მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება, მათ შორისაა სკოლების, საბავშვო ბაღების და ამბულატორიების რეაბილიტაცია, გზების დაგება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მიმდინარე წლის ბოლომდე სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმის მშენებლობა დასრულდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმს დაბა სტეფანწმინდაში.
“ჩვენი მთავარი საზრუნავია დაგეგმილი პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს” – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
შეხვედრაზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. მხარის რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქამდე მიღწეული შედეგები შეაფასა და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთო კრებები 1 თებერვალს დასრულდა. შერჩეული პროექტების განხორციელება მარტის თვიდან დაიწყება.