შალვა კერესელიძე, ანანურის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

30/07/2019

ანანურის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი ვითარების რეგულირებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები დაიწყო, რომლის მიზანია ძეგლის დაზიანების ხარისხის დეტალური შეფასება და შესაბამისი სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ღონისძიებების განსაზღვრა. სიტუაციის შესასწავლად კოორდინირებული მუშაობა უკვე მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის.
დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად, ანანურის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მასშტაბური სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. მანამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მოქმედებით, კომპლექსში არსებულ ვითარებაზე რეგულარული მონიტორინგი განხორციელდება. ასევე, ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძეგლის დაზიანების ხარისხის ზრდის შესაჩერებლად, კომპლექსის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებზე დამთვალიერებლების გადაადგილება შეიზღუდება.
პარალელურად, ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება გარე განათება, კეთილმოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა პარკირების სივრცე და ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდება. აღნიშნული პროექტი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის მრავალწლიან პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის და ანანურს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ჩამოსული დამსვენებლებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულება 673 945 ლარს შეადგენს.
#მცხეთამთიანეთი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0