მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სოციალური აქციები აქტიურად გრძელდება. მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრა. შალვა კერესელიძემ მათ ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტები გადასცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებებიც მოისმინეს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს. მინდა, ამ სასიკეთო საქმეში კერძო ბიზნესის თანადგომის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. სახელმწიფო და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მცხეთა-მთიანეთში სოციალური ღონისძიებები რეგულარულად ხორციელდება. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად შესაბამისი აქტივობები მომავალშიც განხორციელდება“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.