შალვა თადუმაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

24/07/2018

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და აშშ-ს საელჩოს რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა თადუმაძეს მთავარ პროკურორად არჩევა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შალვა თადუმაძემ ელიზაბეთ რუდს მადლობა გადაუხადა ამერიკელი კოლეგების მიერ პროკურატურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ისაუბრა სამომავლო პრიორიტეტების თაობაზე.
როგორც ელიზაბეთ რუდმა შეხვედრაზე აღნიშნა, ამერიკის საელჩო მზად არის საქართველოს პროკურატურას დახმარება გაუწიოს სისტემის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ნდობის მეტად ამაღლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში და სამომავლოდაც დარჩეს მის მტკიცე მხარდამჭერად.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება კოორდინირებული მუშაობა საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა პროკურორთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0