30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ქალაქ ახალციხეში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ქალაქის მთავარი დღესასწაული, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ აღავლინეს. სასულიერო პირებმა, ტაძარში შეკრებილებს, ახალციხის მაცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს მიულოცეს დღევანდელი დღე და წმინდა შალვა ახალციხელის ღვაწლზე ისაუბრეს. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მრევლი. წმიდა შალვა ახალციხელი გამორჩეული რაინდი და მეომარი იყო თამარ მეფის მხედრობაში. ერთგულების, სიმამაცის და უანგარო მსახურებისათვის მეფემ მას მანდატურთხუცესობა უბოძა და ახალციხის მთავრად დანიშნა. სწორედ მის სახელს უკავშირდება შამქორის ბრძოლაში ძლევამოსილი გამარჯვება. მეფის ბრძანებით, 1204 წელს, ბასიანის ბრძოლაშიც შალვა ახალციხელი წინამძღოლობდა ქართველთა მხედრობას, ძმასთან ივანე ახალციხელთან ერთად.
შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ქალაქ ახალციხეში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება
30/06/2022