ყოფილ მსჯავრდებულს საფეხბურთო კლუბმა „ცხუმმა“ კონტრაქტი გაუფორმა

13/04/2016

ყოფილ მსჯავრდებულს, 23 წლის შოთა აფშინაშვილს საფეხბურთო კლუბმა „ცხუმმა“ კონტრაქტი გაუფორმა და მის სპორტულ კარიერაზე პასუხისმგებლობა აიღო.
შოთა აფშინაშვილი სასჯელს N17 დაწესებულებაში 2011 წლიდან იხდიდა. მიმდინარე წლის 29 იანვარს დაწესებულებას სოხუმის „ცხუმის“ ფეხბურთელები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრას საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ვასაძეც ესწრებოდა. შოთა აფშინაშვილი კლუბმა ამ ამხანაგურ მატჩზე აღმოაჩინა. როგორც კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, ახალგაზრდამ თავი სისწრაფითა და ტექნიკით გამოიჩინა, რის შემდეგაც საფეხბურთო კლუბის „ცხუმის“ პრეზიდენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თხოვნით მიმართა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება სთხოვა, რათა აფშილაშვილი საფეხბურთო კლუბის რიგებში ჩაერიცხა და კარიერულ წინსვლაში დახმარებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ შოთა აფშილაშვილი პირობით ვადამდე 1 მარტს გაათავისუფლა.
„დღეს უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასჯელს იხდიდა, ციხის ზღურბლიდან კლუბ „ცხუმში“მოხვდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კლუბს, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და ახალგაზრდის სპორტულ კარიერაში წინსვლას ხელი შეუწყო. ადგილობრივმა საბჭომ მსჯავრდებული ვადამდე გაათავისუფლა იმის გათვალისწინებით, რომ მას საზოგადოებაში დაბრუნების და სპორტული კარიერის წარმატებით გაგრძელების შანსი მისცემოდა. მინდა წარმატება ვუსურვო სპორტულ კარიერაში შოთას,“ – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.
საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შოთა აფშილაშვილი N17 დაწესებულებაში გაემგზავრა, სადაც ცოტა ხნის წინ თავად იხდიდა სასჯელს და მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა.
„ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს. ფეხბურთი ჩემთვის პირველია, ძალიან მიყვარს ეს სპორტი. ბედნიერი ვარ, რომ ასე დამიდგნენ გვერდით და მეც გავუმართლებ იმედებს. ძალიან ბევრი გამიცდა, მაგრამ ვფიქრობ, შევძლებ, ისევ ფორმაში ჩავდგე. გუნდში ძალიან მეგობრული ბიჭები არიან, გაორმაგებულად ვცდილობ ეს ნდობა გავამართლო,“– განაცხადა შოთა აფშილაშვილმა.
საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ალექსანდრე წულაიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მადლობა გადაუხარა იმის გამო, რომ შოთა აფშილაშვილმა დაწესებულება 4 თვით ადრე დატოვა.
„ეს ახალგაზრდა თავის დროზე ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ დაუშვა პატარა შეცდომა და ამიტომ აღმოჩნდა საპატიმროში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვთხოვეთ, ოთხი თვით ადრე გამოეშვა და მსჯავრდებულს ჩვენს კლუბში თამაში შევთავაზეთ. გვინდა, შოთა დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს, აჩვენოს, რაც შეუძლია და ალბათ, გამოადგება გუნდსაც, თავის თავსაც და თავის კარიერასაც. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, მივცეთ შანსი, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ოჯახს, ქალაქს.“ – განაცხადა ალექსანდრე წულაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0