ყოველი ბოლნისელი ამაყობს მეუფე ეფრემით, რადგან სწორედ მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა ჩვენი ეპარქიის სულიერი გაძლიერება

10/02/2020

ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს. საზეიმო წირვის შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.

“მინდა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს ანგელოზის დღე მივულოცო. ყოველი ბოლნისელი ამაყობს მეუფე ეფრემით, რადგან სწორედ მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა ჩვენი ეპარქიის სულიერი გაძლიერება. მეუფე ეფრემის ცხოვრება და მოღვაწეობა ესაა ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებისა და პრაქტიკაში განხორციელების ნათელი მაგალითი. მეუფემ უკვე დიდი კვალი დატოვა ბოლნისის სულიერ და სეკულარულ ცხოვრებაში. სწორედ მეუფეა ის იერარქი, რომელიც ბოლნისში მართლმადიდებლური ეკლესიის ძირძველ ტრადიციას წარმატებით აგრძელებს და ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მინდა ამ ღვაწილისთვის მას მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ!”-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0