ყველა ვიზის გამარტივებული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია

15/01/2016

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის ვიზის მიღების ვადის შემცირების შესახებ განცხადებას მიესალმება. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის გადაწყვეტილება, ეს არის განცხადება, რომელსაც მიესალმება.
“მე მინდა დავაზუსტო – ეს გადაწყვეტილება არ არის, ეს იყო განცხადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით.
ყველა ვიზის გამარტივებული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება და არა მარტო საფრანგეთში, არამედ შენგენის ზონაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ, მოკლევადიანი გადაადგილების შესაძლებლობების გაჩენა”, -განაცხადა ჯანელიძემ.

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღების ვადას უმცირებს. როგორც “ფრანს 24” იუწყება, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა გააკეთა. ფაბიუსის თქმით, ვიზის მიღების ვადა ხუთი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქეებს შეუმცირდებათ. კერძოდ, აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები, ტურისტულ ვიზას 48 საათში მიიღებენ. გადაწყვეტილება საფრანგეთმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გამო მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ის ძალაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0