იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციაზე − „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში“ − თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტის მისაღწევად ქვეყანაში ახორციელებს.
„მიუხედავად ბევრი სიძნელისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს ეფუძნება“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია ეროვნულ დონეზე“. თეა წულუკიანის თქმით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების მნიშვნელოვნად შემცირება ამ მიმართულებით გატარებული რეფორმების შედეგია. კერძოდ, 2010 წელს საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი იყო 375 საჩივარი, 2011 წელს − 395, 2012 წელს − 367, 2013 წელს − 157, 2014 წელს − 102, ხოლო 2015 წელს მხოლოდ − 80.
იუსტიციის მინისტრმა 2014 წელს ქვეყანაში მიღებულ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიზანი ძლიერი, ეფექტიანი და სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაა და ის „შესასრულებლად სავალდებულო იქნება არა მხოლოდ მოქმედი, არამედი შემდეგი მთავრობისთვისაც“.
თეა წულუკიანმა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გატარებული რეფორმებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წამება აღარ არის სისტემისთვის დამახასიათებელი, რასაც გაერო-ს სპეციალური მომხსენებლიც აღნიშნავს; ანტიდისკრიმინაციული კანონი კი ქმნის საფუძველს კანონით გათვალისწინებული უფლებებით თანასწორად სარგებლობისთვის.
თეა წულუკიანმა ისაუბრა სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პროცესში დაზარალებულის უფლებების გაზრდის შესახებაც. მისი თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაზარალებულის საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოვიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტთან.
„ყველა ეს რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული ტიპის ინსტიტუციური დემოკრატია და ყველა ინსტიტუტმა ადამიანის უფლებების დაცვა გაიხადოს მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ, მიუხედავად ზემოხსენებული მიღწევებისა, ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციის მიზნით კიდევ ძალიან ბევრი რეფორმა გვაქვს გასატარებელი“, − აღნიშნა მინისტრმა თავის სიტყვაში.
ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმართება.