უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. მინდა შევუერთდე ჩემს ძვირფას კოლეგასა და მეგობარს – პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს – მადლობის სიტყვებში და პრეზიდენტ მაკრონს მადლობა გადავუხადო ამ ფორუმის ორგანიზებისა და ჩვენი მოწვევისთვის.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ახსენა, მსოფლიოში ამჟამად ბევრი კონფლიქტი და გადაუჭრელი კრიზისია. ვისზე აისახება ეს კრიზისები? ხალხზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მოქალაქეებზე. გაურკვევლობებისა და არაპროგნოზირებადობის პერიოდში ვცხოვრობთ. ასე, მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი ვართ, რომელიც მიმდინარეა და რომლის დასასრულიც არ ჩანს. არც გამოსავალი ჩანს ჯერ. ახლო აღმოსავლეთშიც კრიზისია, რომელიც ძალიან საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტს საქართველოშიც. ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გამოსავალი არ ჩანს. ბევრი კონფლიქტია აფრიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ, ყველა ამ კრიზისისა თუ კონფლიქტის პასუხი და გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთავრობებმა მშვიდობის მისაღწევად. ამიტომ, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს წარმატების ისტორიაზე გესაუბროთ. მინდა გითხრათ რას მივაღწიეთ ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
როდესაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, საქართველოს სტატუს-კვო იყო ასეთი: ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული იყო. კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ჩვენი რეალობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. სამწუხაროდ, ომი რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა 2008 წელს. 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა. აფხაზეთსა და ოსეთშიც გვქონდა ომები. ეს ოკუპირებული ტერიტორიებია და მათ რუსეთის ფედერაცია უჭერდა მხარს მაშინ 90-იანი წლების დასაწყისში. ამდენად, საქართველოს ბევრი პრობლემა და გამოწვევა უნახავს. 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ ერთი დიდი ომი გვქონდა, რომელიც დაიწყო უკრაინაში. ვფიქრობ, რომ ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა, იმიტომ, რომ მოგვწონს თუ არა, შემდგომ ესკალაციის ან რთული სცენარების აცილებას ვეცდებით თუ არა, მას ჩვენზე მაინც აქვს გავლენა. ომს აქვს ჩვენზე გავლენა. რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში – მეზობელ ქვეყნებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში – სიტუაცია ყველას გვაწუხებს. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველო ძალიან ობიექტური და – ვიტყოდი, რომ – მიუკერძოებელი მედიატორი, ფასილიტატორი და მეგობარია, რომელსაც ორივე ქვეყანა ენდობა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. პირადად მაქვს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან.
ამიტომ, საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს რეგიონში. ჩემმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა. ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც არცერთი ომი არ უწარმოებია საქართველოს. არც ტერიტორიები დაგვიკარგავს. პირიქით, ვიზრდებით, ვმდიდრდებით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ისეთი რამ არის, რასაც კეთილდღეობა მოაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევა კვლავ არსებობს. არ გამქრალა, მაგრამ სტრატეგიული თმენის პოლიტიკა ავირჩიეთ. რატომ ვამბობ ახლა ამას? არის რაღაცები, რასაც მყისიერად ვერ მოვაგვარებთ. ხომ ასეა? ამიტომ, საჭიროა მოთმინება, გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ. თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ ამ გეგმის შესრულებაში.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და მიღწევები იქონია. მქონდა პატივი 2014 წელს ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც გავაფორმეთ ევროპასთან; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოგვენიჭა ევროკავშირის ტერიტორიაზე; გასული წელიც ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა; 2 დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ. მან რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ისტორიული მიღწევაა! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას; ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას გულისხმობს. ამ მიმართულებით მივდივართ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ ეროვნულ – ასე ვთქვათ – გეგმას ვუახლოვდებით.
ამავდროულად შევძელით ჩვენი ეკონომიკის გაზრდა. გასამმაგდა ქვეყნის ეკონომიკა 2012 წლიდან. ასეა ლარის კურსის გამყარებისა და სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით, რომლის ოდენობაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გაორმაგდა აშშ დოლარის დენომინაციით. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. სომხეთთან ერთად მსოფლიოს ყველაზე სწრაფადმზარდი ეკონომიკა გვაქვს ამჟამად. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან კარგ დარგობრივ პოლიტიკას და ეფექტურ მმართველობას ვაწარმოებთ. სწორედ ამის გამო ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ყოველივე ამას მოაქვს ახალი სამუშაო ადგილები, მეტი სტაბილურობა, მეტი პროგნოზირებადობა მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის. ასე, მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა გასულ წელს. სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები – ისტორიულ მაქსიმუმზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი მოხდებოდა მშვიდობის გარეშე. მშვიდობა გადამწყვეტია! მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ. მსოფლიოს ნაკლები ომი და მეტი მშვიდობისმყოფელი სჭირდება, რადგან ამჟამად რასაც ვხედავთ ძალიან გვაწუხებს. როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინაში? ძალიან გვაწუხებს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან. ამიტომ, საქართველო და მსგავსი ქვეყნები – სომხეთი – პატარა ქვეყნები, მაგრამ ძლიერი ერები – დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებით, სტაბილურობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ერი ვახსენე და აქვე უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ დედამიწაზე.
ამდენად, ჩემი მოსაზრება შემდეგში მდგომარეობს: ხალხს და, ზოგადად, მსოფლიოს ერებს სიცხადე, გარკვეულობა სჭირდება. ახლა ვერ ვხედავთ ამას. არც პროგნოზირებადობა არსებობს. არავინ იცის რას მოიტანს ხვალინდელი დღე.
ვის შეუძლია ამ ტიპის პრობლემების გადაჭრა? დიდ ქვეყნებს, დიდ ზესახელმწიფოებს. აქვე გავიმეორებ, რომ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოებისგან. ხომ ასეა? ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავადასტურებ, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით. აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ გონივრული პოლიტიკით მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ერთადერთი არჩევანია, რაც საქართველოს გააჩნია ამჟამად. კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: ბოლო 10 წლისა და მეტის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან ეროვნული ინტერესების ხარჯზე! ყველაფერს ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ! მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც საუკეთესოა ჩვენი ხალხისთვის და მომავლისთვის! კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის; ჩვენ შესახებ საუბრის შესაძლებლობისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. მადლობა თქვენც მოდერაციისთვის. ბოლოს ერთ რამეს დავამატებ: 2 წლის წინ წარმატებით ჩავატარეთ რიგით პირველი მედიაცია და ამის პრეცედენტი შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად, როდესაც აზერბაიჯანმა 15 დაკავებული პირი გაათავისუფლა საქართველოს მედიაციის გზით, ხოლო სომხეთმა მას გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ამდენად, საქართველოს შეუძლია ამ შედეგების მიღწევა და მიმაჩნია, რომ აქ ნდობის ფაქტორი გადამწყვეტია. როდესაც ერთი მხარე მეორეს სთავაზობს მედიატორს, მას ორივე უნდა ენდობოდეს. თუ ნდობა არ იარსებებს, არც მედიაცია იქნება წარმატებული.
და კიდევ ერთი რამ: დავოსში მაქვს ნათქვამი წლევანდელი წლის იანვარში, რომ შეიძლება მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ თანამშრომლობა უნდა შედგეს. თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ იარსებებს მშვიდობა. დიდი მადლობა! საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩვენს მოძმე ერთან – სომხეთთან. ამდენად, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული ამ სიტუაციაში. საქართველო ნეიტრალურია 100 პროცენტით. ვერცერთის მხარეს დავიჭერთ ამ სიტუაციაში.
ჩემმა მეგობარმა – ნიკოლ ფაშინიანმა – ძალიან კარგად იცის ეს. ჩემმა მეგობარმა – ილჰამ ალიევმა – ძალიან კარგად იცის ეს. ამიტომ, ეს კითხვა ლიდერებს – პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ალიევს – უნდა დაუსვათ. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, რადგან ნეიტრალური და მიუკერძოებელი პოზიციის დაცვა მსურს ჩვენს რეგიონში. მე მგონი, ეს სამივე ჩვენგანის ინტერესებშია. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გასულ თვეს, როდესაც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ვმასპინძლობდი. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის – ნიკოლ ფაშინიანის – რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა ფორუმს. მიმაჩნია, რომ კარგი შესაძლებლობა შეიქმნა, რადგან სამივემ შევძელით შეკრება და საუბარი ჩვენი რეგიონის მომავლის – სამომავლო თანამშრომლობის – შესახებ. განვიხილეთ იმ სირთულეებისა და ბარიერების დაძლევის გზები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ისაუბრა. ვფიქრობ, რომ საქართველომ აქ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია. მადლობა გაგებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს. კითხვის ავტორმა ახსენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი – ისრაელსა და ჰამასს შორის შექმნილი ვითარება. საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, რაც ხდება ტერორიზმია და ვგმობთ სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ტერორიზმსა და ტერორისტულ აქტებს. აქაც მინდა გავიმეორო, რაც უკვე ვთქვი დასაწყისში: მე განვაცხადე, რომ ქვეყნებს გამოსავლის პოვნა სჭირდებათ. თუ საკითხი ომის გზით ვერ გადაწყდება, უნდა დასხდეთ და დაილაპარაკოთ, მოილაპარაკოთ. ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვა ამ ვითარების შესახებ. დიდი მადლობა!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთავრობებმა მშვიდობის მისაღწევად
11/11/2023