ყაზბეგი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მთის დღეებს“ უმასპინძლებს

22/07/2023

პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყაზბეგში, უკვე მეორედ, „მთის დღეები“ იმართება.
14:00 საათიდან ელიას ტყის მიმდებარედ მრავალფეროვანი სივრცეებია მოწყობილი. მათ შორის მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სახალისო და სპორტული აქტივობები: ცხენით სეირნობა, გვირგვინებისა და ხატვის მასტერკლასი, ლუდის პინგ-პონგი. გარდა ამისა, ტარდება ადგილობრივი ლუდის ხარშვისა და ხინკლის მასტერკლასი, შეფების – ია ძაგანიასა და დიმუ მენაბდის კერძების დეგუსტაცია. ასევე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია “მთის დღეები 2023”.
18:00 საათიდან კი “მთის დღეების” მუსიკალური ნაწილი დაიწყო. თავდაპირველად, შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე ზუკა ხუციშვილი და ბენდი ზრუნავდნენ, რის შემდეგაც აუდიტორიის წინაშე ლაშა ჩხაპელია, იგივე “თამადა” წარდგა. ღონისძიება კოცონთან ანსამბლ “ჰერიოს” სიმღერებით დასრულდება.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
თარიღთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.
ბრუნი: გორისციხის ადმინისტრაციული ერთეული – ელიას ტყის მიმდებარე ტერიტორია
საათი: 12:00, 14:00, 16:00, 18:00, 20:00

Tweet about this on TwitterShare on Facebook0