ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, 11 ივნისს, ადიდებულმა მდინარე თერგმა სოფლების – გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, დროებითი ხიდის სამონტაჟო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 30 მეტრის სიგრძის პანელური ტიპის სახიდე გადასასვლელი, ამ ეტაპზე, უკვე ექსპლუატაციაშია. სოფლების – გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის 1000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა აქვს უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
იგეგმება გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობა საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი გაიხსნა
20/06/2019