საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, მმართველი უმრავლესობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო ინსტიტუციებს კლავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოკვლას ნიშნავს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების კვორუმს ეხება.
“თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით იხილავს, აქედან ხუთი მხარს ერთ პოზიციას უჭერს, ხოლო ორი – საწინააღმდეგოზეა, რატომ უნდა იყოს მიღებული ამ ორი მოსამართლის პოზიციით გადაწყვეტილება?! თუ რვა მოსამართლე განიხილავს – ხუთი მხარს უჭერს და სამი საწინააღმდეგო პოზიციაზეა, ამ შემთხვევაშიც სამი მოსამართლის პოზიცია გადის, ხოლო თუ სრული შემადგენლობით, ცხრა მოსამართლით განიხილავს – ხუთი მხარს უჭერს, მაგრამ ოთხი წინააღმდეგია, ამ ოთხის პოზიცია უფრო ძლიერია. ჩვენ ვქმნით პლენუმს, სადაც უმცირესობის აზრი უმრავლესობის აზრს სჯობნის. მითხარით, მსოფლიოში სად წერია ასეთი კანონი?!”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
დავით დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ მთელი საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისკენ არის მიმართული. ოპოზიცია ინიციატივის იმ ნაწილსაც აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, სადაო აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ენიჭება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით კოლეგია ფუნქციას კარგავს.
”ცხრა კაციდან შვიდი თუ არ ესწრება, საკონსტიტუციო სასამართლო მკვდარია და ამ 7-დან 2-მა თუ სხვა აზრი გამოთქვა – ასევე მკვდარია. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს კლავთ. მართლა და მართლა, ცოტა რიტორიკულად ვიკითხავ, მაგრამ ღმერთი არ გწამთ?! მარტო პირჯვრის გადაწერა ამ ცოდვებს – პოლიტიკურ, ინსტიტუციონალურ, იურიდიულ ცოდვებს ვერ გააბათილებს. თუ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, ასე არ შეიძლება”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.