„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება

17/07/2018

თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები 16 ივლისიდან საქართველოში იმყოფებიან. „OGP“-ის ფორუმისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს საქართველოს დიდ საკონცერტო დარბაზში, მთაწმინდის პარკსა და ფუნიკულიორზე. ტარდება ფუნიკულიორის კომპლექსში არსებული ინფრასტრუქტურის საკონფერენციო სივრცეებად გარდაქმნის ბოლო სამუშაოები. რეპეტიცია გაიარა პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე ჰუმანიოდმა, რობოტმა სოფიამაც, რომელიც ხვალ გლობალური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. რობოტი სოფია მონაწილეობს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“. სოფია „UNDP“-ის ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად „OGP“-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია.
საქართველო 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს 76 სახელმწიფოს აერთიანებს. ფორუმს ესწრებიან მონაწილე ქვეყნების დელეგაციები − უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია 18 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი ბახტაძე გახსნის. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნება.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი და პარტნიორობის თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბა.
საპრეზიდენტო მაღალი დონის პანელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. გახსნის ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ახალი ხუთი წევრი სახელმწიფოსა და ხუთი ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო მიღების ცერემონიითა და იუსტიციის მინისტრის მიმართვით დაიხურება.
სამიტზე საქართველო წარადგენს „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0