„ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანას „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ

23/01/2018

ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანას „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაცია საქართველოში მე-5 გლობალური სამიტის საორგანიზაციო საკითხებს ეცნობა, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდება. „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს, რომელიც წარმართავს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს საქართველოში და წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციამ „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე, საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან, სამხრეთ აფრიკის „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ (International School for Transparency) ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა.

ღონისძიების მონაწილეებმა 2016-2017 წლების „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფორუმს „OGP“-ის ექსპერტებმა წარუდგინეს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საექსპერტო ჯგუფი (IRM) პარტნიორობის წევრ ყველა ქვეყანაში აკვირდება აღებული ვალდებულებების შესრულებას და წელიწადში ორჯერ წარმოადგენს პრეზენტაციას.

ფორუმის მეორე ნაწილი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2018-2019 წლების გეგმის შემუშავების საკითხებს დაეთმო. „OGP“-ის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, გეგმაზე მუშაობის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და საჯარო კონსულტაციების ჩატარებას ითვალისწინებს. ფორუმის დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა სწორედ ამ პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს; ისაუბრეს ახალი ვალდებულებების შინაარსობრივ მხარეზეც, რომელიც უნდა პასუხობდეს „OGP“-ის 5 გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა; უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

„OGP“ საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტებმა დააფუძნეს. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0