ღვინო ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია

28/07/2016

“მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გაგაცნოთ საქართველოს ყველაზე გამოცდილი ელჩი, ყველაზე კარგი მომლაპარაკებელი და ელჩებს შორის უხუცესი – ქართული ღვინო. ნანჩანგში გაიხსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ჩვენმა 8000 წლის ელჩმა – ქართულმა ღვინომ. ის აუცილებლად იქნება წარმატებული თავის დიპლომატიურ საქმიანობაში”“ – ასე მიმართა ძიანსის პროვინციაში, ნანჩანგში, ქართულის ღვინის სახლის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ნანჩანგში ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანე „ჯუნგე“ ძიანსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით. მისი თქმით, საქართველო მზადაა, გააფართოვოს ქვეყნის მონაწილეობა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის პროექტის ფარგლებში და ხელი შეუწყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალმხრივი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით. ორი ქვეყნის მთავრობათა შორის თანამშრომლობის ფორმატი, მათ შორის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
„ღვინო ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დიდი ხანია საქართველო „ღვინის სამშობლოს“ სტატუსით სარგებლობს და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩვენი ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ქართული ღვინო წარმოადგენს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლია და არსებული ინფორმაციით, უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს.
ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას და ქართულ რესტორანს.

ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანის გახსნის ცერემონიაზე მოსულ სტუმრების შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ასევე გაცნობოდნენ ქართულ ფოლკლორს – ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ჩინეთში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0