ღვინის კვირეულის საზეიმო დახურვის ღონისძიება თბილისში, რიყის პარკში გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
ღონისძიების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა დამსახურებული მეღვინეები და მევენახეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
კვირეულის დახურვა უამრავი სტუმარი – როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი, ისე უცხოელი სტუმარი ჰყავდა.
“ღვინის კვირეული წარმატებულად ჩატარდა. ქართული ღვინის დღის აღნიშვნა წელს გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე გასულ წლებში. მან თბილისთან ერთად საქართველოს რეგიონებიც მოიცვა.ღონისძიების მიზანია ქართული ღვინის უძველესი და უმდიდრესი კულტურა გავაცნოთ ყველას. ეს არ არის მხოლოდ უცხოელებზე გათვლილი. ჩვენ გვსურს ახალგაზრდებმაც გაიცნონ ქართული ღვინის ისტორია” – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფმა სტუმრებს ფოლკლორული და ქალაქური მელოდიები შესთავაზეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დღე უკვე მესამე წელია აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია “ქართული ღვინო”, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს “ქართული ღვინის კვირეული” გაიმართულიყო.
წელს, ღვინის კვირეულის ფარგლებში ღვინის ფესტივალები, გამოფენები, მეღვინეობასთან დაკავშირებული ფილმების ჩვენება, თუ წიგნების პრეზენტაცია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.
ღვინის კვირეულის საზეიმო დახურვა
03/10/2016