ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა

13/06/2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გახსნა. WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი – მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია და თურქეთი) 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.
საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო-ჯორჯია“ მე-11 პავილიონში იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

„გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს. წლების განმავლობაში, ქვეყანაში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გამოფენის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
წელს, გამოფენაზე პირველად მონაწილეობენ საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „The Wine & Vine Innovation Cluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები (https://innovin.fr/index.php/en/). საკუთარ სტენდზე, ფრანგი მონაწილეები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ.
გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.
13 ივნისს, მე-11 ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში, 11-12 ივნისს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო 81 კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 300-მდე ნიმუში. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველ ღვინის სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალები: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ალისტერ კუპერი (დიდი ბრიტანეთი), მარჩელო რეტამოლი (ჩილე), მეთიუ რობერტ ვილკინი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი დაქიშვილი, ნიკა აღდგომელაშვილი და მიხეილ მესხი შედიოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0