ქუთაისში სახვითი ხელოვნების გალერეაში საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის „ქარავან არტფორუმი 2022“ გაიხსნა

13/05/2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში სახვითი ხელოვნების გალერეაში საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის „ქარავან არტფორუმი 2022“ გახსნას დაესწრო. ღონისძიება გულისხმობს მთელ რიგ მხატვრულ, კულტურულ და პროფესიონალურ შეხვედრებს, აქტივობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები მსოფლიოს წამყვანი რესტავრატორების მიერ რესტავრაციის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე. ქარავან არტფორუმის კონცეფციას წარმოადგენს ურბანული პეიზაჟები სტილისტიკის ცვალებადობა დროის დინამიკაში, დესტრუქციული ვიზუალების აღნიშვნა.
არტფორუმის ცენტრალური გამოფენა გათვალისწინებულია დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში. შეიქმნება ერთობლივი საექსპოზიციო პროექტი და მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ მუზეუმის მუდმივი ექსპონატების პროგრამის გვერდით ახალი, თანამედროვე ხელოვანთა მიერ შექმნილი ნამუშევრები იხილონ. ქუთაისში აღნიშნული საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორედ იმართება. პირველად იგი 2016 წელს ჩატარდა. ფესტივალის „ქარავან არტფორუმი 2022“ პარტინიორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქუთაისის მერია, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, გალერეა გამრეკელი (საქართველო), გალერეა ოკაპი (ესტონეთი), სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (საბერძნეთი), აპოლონია-ევროპული მხატვრული პროგრამები სტრასბურგიდან (საფრანგეთი). ქარავანსარაი მხატვრული პროგრამები პარიზიდან, დაარსდა პარიზში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან, რომლის მიზანია კულტურული გაცვლითი პროგრამები, არტისტების მობილობა და სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0