ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდა

09/10/2017

დღეიდან ქ. ქუთაისში ფუნქციონირებას იწყებს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები. ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში გაიხსნა ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები, რომლის საშუალებით ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შეეძლება 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღოს საჩუქრად.
„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. დღეს წიგნის რამდენიმე ვარიანტი საკუთარ ტელეფონშიქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადმოწერა.
ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში – პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია მრავალფეროვანი ელექტრონული ბიბლიოთეკები. ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, გადმოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.
„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ ქუთაისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც ქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.
„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ პროექტია, რომელიც პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობითა და ქ. ქუთაისის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. პროექტი ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0