ქუთაისს უნგრეთის დელეგაცია სტუმრობს. სტუმრებმა ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების პროვაიდერი კომპანიის სერვისების პრეზენტაცია წარმოადგინეს. სასტუმრო “ბაგრატში” იმ პროექტების გამოფენა მოეწყო, რომლებიც უნგრეთში წყლის მოპოვებისა და გადამუშავების მხრივ ხორციელდება. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ : ქუთაისის მერი შოთა მურღულია, უნგრეთის ელჩი შანდორ ზაბო, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი გიორგი კობერიძე, წყლის კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
,,მნიშვნელოვანია უნგრეთის გამოცდილების გაზიარება, მით უფრო, რომ ქუთაისში წყალმომარაგების კუთხით მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. ეს გამოფენა წარმოდგენილი იყო თურქეთში და შემდეგ ქუთაისში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო უნგრეთის ელჩს საქართველოში , რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ელჩს უნგრეთში ბატონ ზაზა კანდელაკს, რომელიც ძალიან გვეხმარება უნგრეთის ქალაქებთან გვქონდეს კარგი თანამშრომლობა”-განაცხადა შოთა მურღულიამ
გამოფენის დათვალიერების შემდეგ მოხდა უკვე წარმოდგენილი პროექტების დეტალური განხილვა. ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების კომპანია უდიდესი პროვაიდერია ცენტრალურ ევროპაში, როგორც კომპანიის სიდიდით ასევე მიწოდების ხარისხის მიხედვით.
კომპანია დაარსდა 1868 წელს , 1904 წელს კომპანიამ ააშენა ევროპაში ყველაზე რთული და იმ დროისთვის ულტრათანამედროვე სანასოსე ქარხანა, ასევე 1980 წელს ყველაზე დიდი წყლის რეზერვუარი უნგრეთში, რომლის მოცულობა 80.000 მეტრ კუბია, კომპანიამ უნგრეთში ასევე ააგო მსოფლიში უნიკალური ასიმეტრიული წყლის კოშკი.
ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზირებული დანადგარებით რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს წყლის კოშკები, სანასოსე საამქროები, ტუმბოების სადგურები და სხვადასხვა წყალსაცავების მოწყობილობები.
ქუთაისს უნგრეთის დელეგაცია სტუმრობს
14/04/2016