საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქუთაისის თოჯინების თეატრში სტუმრობისას, დასის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის, მიმდინარეობს რამდენიმე ათეული შენობის რეაბილიტაცია.
ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება
18/04/2018