ქორწინების საკითხზე პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ

18/08/2016

ქორწინების საკითხზე პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერანაირად ვერ ვხედავ, რადგან ამ თემის გარშემო ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია და 225 ათასი ადამიანის ხელმოწერა არსებობს, – ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი ქორწინების საკითხზე შექმნილი საინიციატივო ჯგუფის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას, დანიშნოს პლებისციტი.

როგორც prof-news-თან საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, ”როცა წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პარტიები, ჯგუფები დაინტერესებული არიან, თავისკენ პოლიტიკური სიმპატიების მისაზიდად, ამ თემით მანიპულირება მართებული არ არის”.

“თქვენ იცით, რომ ქორწინების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც კენჭისყრამდეა მისული და ეს თემა დღის წესრიგში დგას. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვებისას, შეხვედრები თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა. საჯარო განხილვის კომისია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს შეხვდა, ესაუბრა, მოაწყო საჯარო განხილვები. აქედან გამომდინარე, პლებისციტის შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია – ცნობილია საზოგადოების მოსაზრება. დარწმუნებულია ვარ, ჩვენ მომავალ პარლამენტში საკმარისი უმრავლესობით მოვალთ და ინიციატივა მიღებული იქნება, მით უფრო, რომ ჩვენს პოზიციას 225 ათასი ადამიანი საკუთარი ხელმოწერით აძლიერებს. ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა პოლიტიკური დივიდენდების მიღების თვალსაზრისით თუ აბსოლუტურად გულწრფელად, საკითხის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა, მაგრამ პრობლემა არ არსებობს – ეს საკითხი საიმედო ხელშია და აუცილებლად იქნება რეალიზებული”, – განუცხადა prof-news-ს გია ვოლსკიმ.

აქვე ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს ინტერრელიგიურმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაფიქსირებულია, რომ ყოველგარი კითხვის ნიშანი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით უნდა მოიხსნას და პროცესს ჩრდილი არ მიადგეს. მისივე თქმით, ინტერრელიგიურ ჯგუფს ასევე მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში დაზუსტების შეტანა იმისთვისაც არის საჭირო, რომ უმცირესობების მიმართ ნებისმიერი აგრესია მოიხსნას.

”ყოველმხრივ ყველა საფუძველი გაგვაჩნია, რომ მყარად ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი ამჯერად პრემიერ-მინისტრს მიმართავს. ინიციატორები მთავრობის მეთაურს ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის დაფიქსირების საკითხზე პლებისციტის დანიშვნას სთხოვს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრემიერს აქვს დისკრეციული უფლება ”საარჩევნო კოდექსის” თანახმად პლებისციტი დანიშნოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0