აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ასფალტის საფარი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო, გარდა ამისა, ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით ამ ეტაპზე მოწყობილია 1444 გრძ.მ. ბეტონის არხი, ასევე 52 გრ.მეტრის საყრდენი კედლები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სამკუთხედი” ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 098 878 ლარს შეადგენს. აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში 35, 254 კმ ასფალტობეტონის საფარი, ასევე 21,000 კმ. ბეტონის საფარის მოწყობაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაგეგმილია 5 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა. სულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 13 335 901 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მთავრობის თავმჯდომარე საგზაო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ჯიხანჯურის ცენტრში შეკრებულ მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ პატარაძემ მათ უკვე განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც გასულ წელს ცეცხლაური-ჯიხანჯურის მოსახლეობის მოთხოვნით დაიგეგმა. მისი თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური გაზსადენი მილების გაყვანა, შემდეგ ეტაპზე კი მოხდება სოფლების დაქსელვა. „როგორც ხედავთ დაპირება გზის დაგებასთან დაკავშირებით, რომელიც წინასაარჩევნოდ მიეცა მოსახლეობას, შესრულებულია. დღეს ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით 3 კილომეტრზე თანამედროვე, მოასფალტებული გზის სამუშაოები დასრულდება, ასევე ოჩხამურის ადმინისტრაციულ ცენტრს მიმდებარე სოფლებით სულ მალე ექნებათ გაზი“ – აღნიშნა ჯიხანჯურის მოსახლეობასთან შეხვედრისას თავმჯდომარემ. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძესთან ერთად მოისმინა იმ პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს გააჩნიათ.
ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზა მოასფალტდა
28/07/2017