ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო ქალაქში 20-25 სმ-ია. სტიქიასთიან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები. ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. ბოლო მონაცემებით ელექტრო ენერგია 450-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ქალაქის ქუჩები და სოფლების ცენტრებთან მისასვლელი გზები. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 14 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ქობულეთი-ბათუმისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის. დიდთოვლობის გამო დაზიანდა ხუცუბნის წყალსადენი სისტემა, რის გამოც 800 ოჯახი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 17 საბავშვო ბაღში ჩაიშალა.
ქობულეთში სტიქიას ებრძვიან
01/02/2017